ბედნიერება ძალაუფლების მტერია



ბედნიერება არის კონცეფცია, რომლისკენ ყოველი ჩვენგანი მიიღწევს. რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ ცხოვრების აზრზე, ბოლოს იქამდე მივალთ, რომ ადამიანი ცდილობს აირიდოს ნეგატიური გამოცდილება და მთელი ცხოვრება კომფორტული გარემოს შექმნისთვის იბრძვის, ანუ ყოველი ჩვენი მიზანი და ნაბიჯი ერთში ერთიანება - მთავარია ვიყოთ ბედნიერები, დავკმაყოფილდეთ საკუთარი თავითა და ცხოვრებით. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკუთარ მიზნად სხის დახმარებას ვასახელებთ, ეს გამომდინარეობს ამ მიზნის ასრულების შემდეგ საკუთარი დაკმაყოფილებიდან. საკუთარ დანიშნულებაზე საკმაოდ ადრე დავიწყე ფიქრი და მალევე ზუსტად ამ აზრამდე მივედი. თუმცა, ახალი საფიქრალი გამიჩნდა, როდესაც ტრანსპორტში საკმაოდ საინტერესო საუბარისთვის შემომესმინა, განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი ფრაზა - ბედნიერება ცუდია ეკონომიკისთვის და კულტურულად სრულიად მიუღებელია. თუ ყველა ბედნიერი იქნებოდა, არცერთი რეკლამა არ იქნებოდა ეფექტური და ადამიანებს ვერავინ გააკონტროლებდა. მაგრამ თუკი ყოველ ჩვენგანის მთავარი მიზანი ბედნირებაა, რატომ ვუშლით ერთმანეთს ამ მიზნის მიღწევას?
ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება ძალაუფლებას. ძალაუფლება კონტროლის საუკეთესო საშუალებაა, ხოლო კონტროლი აუცილებელია წესრიგისთვის. საზოგადოება ჩამოყალიბებულია ძალაუფლების ცნებაზე, რადგან ადამიანებს ეშინიათ კონტროლის დაკარგვის შემდეგ გამოწვეული ქაოსის.  ნებისმიერ საზოგადოებაში, იქნება ეს დემოკრატიული, სოციალისტური თუ დიქტატორული, მაინც არსებობს სხვადასხვა დონის ძალაუფრებივი ფენები, რადგან ადამიანებისთვის საჭირო გამოსავალია შეზღუდვებით მიღწეული უსაფრთხოება. საზოგადოების ნაწილს ყოველთვის მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე მეორე ნაწილს, ამიტომაც ძლიერი მხარე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი კონკურენტი ჩამოიცილოს, რათა თვითონ არ გახდეს გაკონტროლებული, მაშასადამე მიაღწიოს საკუთარ ბედნიერებას ისე, რომ არ მოუწიოს ნორმებს დაექვემდებაროს.
ადამიანის ტრაგიკული ბედი, განსაკუთრებულად კი ქალის სოციალური ჩაგვრა იყო პოპულარული თემა ვიქროტიანული დროის ბრიტანულ ლიტერატურაში. თომას ჰარდის ნაწარმოებში „ტესს დებერვილი“ აღწერილია, თუ როგორ ეწინააღმდეგება საზოგადოება ქალის ბედნიერებას. ტესსის უბედურება ზუსტად მისი სოციალური როლიდან იწყება, იგი ქალია, მისთვის აკრძალულია ბედნიერება. იგი რომ ბედნიერი ყოფილიყო, მას უნდა ჰქონოდა მეტი უფლება, რაც უკვე საფრთხის ქვეშ აყენებს მაშინ არსებულ წესრიგს და მეტ ადამიანს აძლევს ძალაუფლებას. ყველა დროის განმავლობაში ქალი იჩაგრებოდა, მდედრობითი სქესის სუბალტერნულ პირებად ქცევა უზრუნველყოფდა ძალაუფლებისთვის ბრძოლაში საზოგადოების ნახევრის ჩამოშორებას.
 ასევე საინტერესოა ბერძნული მითოლოგია, მაგ. ევრიპიდეს „იფიგენია ავლისში“. მართალია, იფიგენია ძლიერი პერსონაჟია, მაგრამ მისი როლის სიძლიერე ზუსტად მის მსხვერპლად შეწირვაშია. ქალი ტანჯულია, მისი დანიშნულება არ არის ბედნიერად ცხოვრება, არამედ სხვისთვის სიკვდილი. იგი თავს წირავს ქვეყნისთვის და ამით თითქოს პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს ჯარს, სინამდვილეში კი ისიც და ყველა დაღუპული ჯარისკაციც მხოლოდ ძალაუფლებაში მყოფი პირების პირადი მიზნისთვის კვდებიან. მათ არასდროს ჰქონიათ ბედნიერების უფლება, რადგან ბედნიერება ძალაუფლების მტერია.
კიდევ ერთი მაგალითია 1910 წლის ჩესტერტონის „რა სჭირს სამყაროს?“ (what’s wrong with the world), რომლის ერთ-ერთ თავში ავტორი ასევე მსჯელობს ქალის „მონობაზე“. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ როგორც ერთი საუკუნის წინ, ასევე ვიქტორიანული ეპოქის და ძველი ბერძნების დროსაც იზღუდებოდა ქალის ბედნიერება და ახლაც მწვავედ განიხილება ეს საკითხი მედიაში. მაგალითია თუნდაც მოძრაობა „me too”, რომელიც თანამედროვე ქალთა შევიწროვების გაშუქების ისტორიებზეა ორიენტირებული და ააშკარავებს იმ ფაქტს, რომ მრავალი უფლების მიღების მიუხედავად ის პირები, რომელთაც აქამდე ჰქონდათ ძალაუფლება (ამ შემთხვევაში მამრობითი სცესის წარმომადგენლები), დღესაც აქვთ სწრაფვა მისი შენარჩნებისკენ. ცხადია, რომ საუკუნეების მანძილზე ქალს ბედნიერების უფლებას ართმევდნენ, გამოჰყავდათ იგი არსებად, რომლის დანიშნულება ტანჯვა და თვითგაწირვაა, ძალაუფლების ასამაღლების მიზნით.
ბედნიერება ჩვენთვის რაღაც მიუწვდომელია. ადამიანები საუკუნეები კვდებოდნენ ბრძოლის ველზე. რისთვის? სამშობლოსთვის, რა თქმა უნდა. სინამდვილეში ბევრი მათგანი ბავშვი იყო, რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ ცხოვრებაზე, მხოლოდ ძალაუფლების მსხვერპლი იყვნენ და ნარატივის, რომელსაც ძალაუფლებაში მყოფი პირები ქმნიდნენ. მოცემულ ნაწერში ყურადღება ქალებზე ზუსტად იმიტომ გავამახვილე, რომ საუკუნეების განმავლობაში ზუსტად საზოგადოების ეს ნაწილი იყო ძალაუფლებას მოშორებული ყველაზე მეტად, თუმცა შეგვიძლია ნებისმიერ საერთო ნარატივიდან და მნიშნელოვან დისკურსებიდან ამოგდებულ პირებს მოვურგოთ მოცემული თეზისი.
ნახსენები ლიტერატურა:
1.     ევრიპიდე. იფიგენია ავლისში.
2.     ჩესტერონი გ.კ. რა სჭირს სამყაროს.
3.     ჰარდი, თ. ტეს დებერვილი. საქართველოს მაცნე. 2019.

Комментарии